ვფიქრობ ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტია "გირჩის" ინიციტივას. საუბარია მთავრობის შეცვლის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოთიშვაზე.
მესამე პრეზიდენტის თქმით სწორედ "ნაციონალურ მოძრაობაშია" ის პროფესიონალური გუნდი, რომელიც მსგავს სტრუქტურებს ჩაიბარებდნენ და განავითარებდნენ, თუმცა ამჯერად ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია.
"ხატია დეკანოიძე, რომლიც იყო უკრაინის ნაციონალური პოლიციის შემქმნელი, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და რომელი ნიშნით უნდა ჩაეკეტოს გზა მთავრობაში იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშია"? ეს არის ფანტომებით ვაჭრობა. ახალაია მოვა, მერაბიშვილი მოვა - რა სისულელეა. დეკანოიძეს დღემდე უკრაინა ტაშს უკრავს. უფრო მეტი გამოცდილების ადამიანი ვის ჰყავს. ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს ისე იქნება საბოლოოდ. პოლიტიკოსები მათ ზურგს უკან ვეღარ გაინაწილებენ საქართველოს. დამთავრდა ეს ეპოქა. ყველგან მეტი დემოკრატია შემოდის და ივანიშვილი ამას რომ ეწინააღმდეგება, ამიტომ აქვს პრობლემები. შევწყვიტოთ წინასწარ განაწილება. ივანიშვილის დასრულებამდე ჯერ დიდი ძალისხმევაა. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ სად ვიქნებით ჩვენ ივანიშვილის დასრულების შემდეგ, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ სად იქნება ჩვენი ქვეყანა. ისევ ჩვენს თავზე ვლაპარაკობთ? ჩემთვის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი შემქმნელისთვის მთავარია ჩემი ქვეყანა სად იქნება. ოღონდ ესენი წავიდნენ, მაგრამ მერე ქართველი ხალხი გადაწყვეტს",-აღნიშნა სააკაშვილმა.