logo
ENG



ზალკალიანი: რუსეთის გავლენა წარსულს ჩაბარდა, პატივი სცენ საქართველოს უფლებას შევიდეს ნატოში

18 დეკ 202120:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/18/vzoaez99crpxmnf.jpg
facebook.com/DavidZalkalian

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენულ უფლებას ისწრაფვოდეს ნატოში შესვლისკენ. ზალკალიანის თქმით, რუსეთს ხელმოწერილი აქვს საერთაშორისო დოკუმენტები, რომ ქვეყანას უფლება აქვს თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. დავით ზალკალიანი ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც რუსეთი ნატოს შემდგომი გაფართოების და უკრაინასთან ალიანსის გამორიცხვას ითხოვს.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის გავლენის სფეროები წარსულს ჩაბარდა და არ განმეორდება.

"ეს არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგან ერთი მიმართულებით ისინი არიან თავად ხელის მომწერი იგივე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. თუ კი რუსეთის ფედერაციას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი, მან პატივი სცეს, ასევე, სხვის უფლებას და ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ, საუბარი რაღაცა გავლენის სფეროებზე, რომელზეც არის საუბარი იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც თქვენ ახსენეთ, მიუღებელია. გავლენის სფეროები, ეს მე ვციტირებ ნატოს გენერალურ მდივანს, არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და ამისი განმეორება არ მოხდება." - ამბობს დავით ზალკალიანი.

2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც NATO-ს და აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს და კონკრეტულ პირობებსაც აყენებს. 

რუსეთი ნატოს შემდგომი გაფართოების და უკრაინასთან ალიანსის გამორიცხვას ითხოვს. ასევე, მოითხოვს, NATO-ს ჯარები 1997 წლის მაისის განლაგებას დაუბრუნდნენ, ანუ იმ პოზიციებზე დაბრუნდნენ, სანამ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიიღებდნენ. 

ასევე, რუსეთი აშშ-ს მიმართავს, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ განავითაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა.


close დახურვა