ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია აცხადებს, რომ სანამ თბილისში კორონავირუსის გავრცელება ასეთი ინტენსიურია, ჯობს, უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს.
როგორც ზედანია Facebook-ზე წერს, შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 19 ოქტომბერს უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა საშიშია.
"რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოჰყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა - უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაცია, როგორც არ უნდა ვცადათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.
საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი - ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელთათვისაც საფრთხე შეიძლება გავხდეთ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა", - წერს ზედანია.
ამ დრომდე უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბრიდან განახლდება.