logo
ENG



ზელენსკა: რუსების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის 171 ფაქტია დარეგისტრირებული

05 მარ 202301:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/b0odaoy3z840nui.png

უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ, რუსი სამხედროების მიერ მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის 171 ფაქტია დარეგისტრირებული. ეს განცხადება ზელენსკამ დღეს, ლვივში გამართული კონფერენციის დროს გააკეთა, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზელენსკას თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები არიან ქალები, კაცები და ბავშვებიც კი.

"171 ფაქტი - აქედან 39 კაცია, 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბიჭი. ამის შესახებ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ თავში იპოვეს ძალა ამ თემაზე ესაუბრათ. რამდენი ასეთი ფაქტია კიდევ, თუმცა ადამიანები ჩუმად იტანჯებიან, რამდენი ფაქტია განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჩვენ არ ვიცით", - თქვა პირველმა ლედიმ.

როგორც ზელენსკამ აღნიშნა, უკრაინელების მიმართ ასეთი ძალადობის ფაქტების რაოდენობა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს რუსი სამხედროების გათვითცნობიერებული პოლიტიკაა.

"ეს მათი გათვითცნობიერებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღია უკრაინელების წინააღმდეგ", - თქვა მან.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ომბუდსმენის აპარატი და სხვადასხვა უწყება არაერთხელ ავრცელებდა ინფორმაციას უკრაინელი მოქალაქეების წამების, მათზე ძალადობის ფაქტების შესახებ. ცნობები ვრცელდებოდა დახვრეტის შესახებაც. არა ერთ ქალაქში აღმოჩენილია მასობრივი სამარხები, ხოლო ცხედრებს წამების კვალი ეტყობოდათ.


close დახურვა