logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი ცდილობს ომში განცდილი დანაკარგები მსოფლიოს დაუმალოს

18 მაი 202617:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/glcwwckbur700ps.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ახალი რუსული დოკუმენტები, რომელშიც რუსეთის მიერ ომში განცდილი დანაკარგებია შეფასებული. 

ზელენსკის თქმით, რუსეთი ცდილობს ომში განცდილი დანაკარგების მსოფლიოსთვის დამალვას.

"უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ახალი რუსული დოკუმენტები, რომლებიც აგრესორი სახელმწიფოს მიერ ომის შედეგად მიღებულ ზარალს აფასებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორედ რუსეთის შიდა შეფასებაა - ინფორმაცია, რომლის დამალვასაც ისინი ცდილობენ როგორც მსოფლიოსგან, ისე საკუთარი მოსახლეობისგან.

პირველი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მოქმედი ნავთობის ჭაბურღილების შემცირება. მხოლოდ ერთ რუსულ ნავთობკომპანიას - და თანაც არა ყველაზე დიდს -უკვე მოუწია დაახლოებით 400 ჭაბურღილის დახურვა. რუსული ნავთობის მოპოვების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს სერიოზული დანაკარგებია, რადგან რუსეთში ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში.

მეორე მაჩვენებელია ნავთობის გადამუშავების მინიმუმ 10%-იანი შემცირება მხოლოდ მიმდინარე წლის რამდენიმე თვეში. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციები რეალურად ეფექტიანია და ამ მიმართულებით აქტიურ მოქმედებებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

რუსეთში საბანკო კრიზისის მონაცემებიც საკმაოდ დამაჯერებელია: 11 ფინანსური ინსტიტუტი სრული ლიკვიდაციისთვის ემზადება ისეთი პრობლემების გამო, რომელთა გადაჭრაც სხვა გზით შეუძლებელია, ხოლო კიდევ რვა ბანკმა დააგროვა კრიტიკული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც გარე რესურსების გარეშე ვერ მოხერხდება.

წლის მეხუთე თვისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 80 მილიარდ დოლარს აღწევს, ამასთან ერთად გაკოტრებულია რუსეთის მრავალი რეგიონული ბიუჯეტიც.

მე ასევე დავავალე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს,  რომ გააზიაროს მოპოვებული ინფორმაცია ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს წყაროებს საფრთხეს არ შეუქმნის - კერძოდ, რუსეთის მცდელობებზე, ჩართოს გლობალური კომპანიები საკუთარი ფინანსური პრობლემების მოგვარებასა და სანქციების გვერდის ავლის სქემებში.

ასევე ვაფიქსირებთ მცდელობებს, რომ დემოკრატიული ქვეყნებიდან ინვესტიციები და ტექნოლოგიები შევიდეს რუსეთის არქტიკულ ნავთობისა და გაზის პროექტებში. ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამას.

მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. მადლობა უკრაინის ყველა დაზვერვის თანამშრომელს", - დაწერა ზელენსკიმ. 


close დახურვა