უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და ევროპელ ლიდერებს.
მისი თქმით, უკრაინა ასრულებს ყველა აუცილებელ ვალდებულებას და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირიც საკუთარი დაპირებების ერთგული რჩება.
"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის მუშაობს და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში გვეხმარება. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირში ჩვენს ყველა პარტნიორს და თითოეულ ლიდერს პირადად ამ ძლიერი ნაბიჯისთვის, რომელიც ევროპის ინტერესებისთვის გადაიდგა.
უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამით მთელ ევროპასაც - იმ იდეას, რომ ევროპულ ერებს შეუძლიათ იცხოვრონ ერთიანად, თავისუფლად და მშვიდობიანად.
როგორც არაერთხელ გვითქვამს, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირიც ასრულებს თავის დაპირებებს. პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხისთვის.
ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით ევროპას ყველა სხვა სახის მხარდაჭერისთვის - მხარდაჭერისთვის, რომელიც ნამდვილ ლიდერობას აჩვენებს და სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება. ასევე ყველაფერი გაკეთდა შემდეგი კლასტერების გასახსნელად.
ამ ნაბიჯს ვულოცავთ მოლდოვასაც, რომელსაც ჩვენთან ერთად გადადგამს ამ გზაზე", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
15 ივნისს EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის, სიმამაცისა და ერთგულების აღიარებაა, მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.
