logo
ENG



ზელენსკი იაპონიას რუსეთისთვის ვაჭრობაზე ემბარგოს დაწესებას სთხოვს

23 მარ 202215:10
3 წუთის საკითხავი
 
Behrouz Mehri / AFP

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას რუსეთისთვის ვაჭრობაზე ემბარგოს დაწესება სთხოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინას მადლობა გადაუხადა იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონია პირველი ქვეყანაა აზიაში, რომელმაც დაიწყო რუსეთისთვის წნეხის დაწესება.

მან იაპონიას სანქციების დაწესების გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა რუსეთი საბოლოოდ მშვიდობას დათანხმდეს.

„მე გთხოვთ, გააგრძელოთ სანქციების დაწესება. მოდით ერთად გავიღოთ ძალები, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთს მოუნდება და დაიწყებს მშვიდობის ძიებას. რუსეთს უნდა დაუწესდეს ემბარგო ვაჭრობაზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ შემოჭრის ცუნამი შეწყდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტში გამოსვლისას.

ზელენსკიმ იაპონიასთან მიმართვისას გაიხსენა 2011 წელს ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფა, რათა შეეხსენებინა ის საფრთხეები, რის წინაშეც უკრაინა რუსეთის მხრიდან ატომური ელექტროსადგურებისა და ჩერნობილის რეაქტორზე თავდასხმის შემთხვევაში აღმოჩნდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო უკრაინაში ომი წინააღმდეგ ეფექტურად ვერ მუშაობენ და საჭიროა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ამგვარი შეჭრის თავიდან აცილებას შეძლებს.

„ვერც გაერომ და ვერც გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ იმუშავა, საჭიროა რეფორმები. ჩვენ გვჭირდება ხელსაწყოები რათა სამყაროს უსაფრთხოება წინასწარ დავიცვათ. არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები ამ მიზნით არ ფუნქციონირებენ, ამიტომ გვჭირდება ახლის შექმნა, პრევენციული იარაღის, რომელიც ნამდვილად შეძლებს შეჭრის შეჩერებას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა