logo
ENG



ზვიად შალამბერიძე: ქუთაისში ბლოკ-პოსტები რჩება და ვაგრძელებთ თერმოსკრინინგს

05 მაი 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ქალაქის შესასვლელებთან რჩება ბლოკ-პოსტები და მოქალაქის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ადგილობრივები შეზღუდვების მოხსნით კმაყოფილი არიან და ამბობენ, რომ ქალაქში შესვლის  აკრძალვა ბევრს პრობლემები უქმნიდა.

„სოფლიდან მოვდივარ, თავისთავად მჭირდებოდა ოჯახში ხომ გვინდა რაღაცეები. რომ მამოწმებენ, მაინც მოქმედებს, მაგრამ პირიქით, უკეთესი გადაწყვეტილება იყო“, - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძის თქმით კი, გარდა მოძრაობის აღდგენისა, კომპანიებს შეუძლიათ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააგრძელონ.

„ქუთაისი თავისუფალია, ყველას შეუძლია შემოვიდეს და დატოვოს ქალაქი. ერთადერთი ბლოკპოსტები რჩება და ვაგრძელებთ თერმოსკრინინგს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუძლია ყველა კომპანიას განაახლოს, ვისაც ჰქონდა დაწყევული და ვისი პროექტებიც მიმდინარეობდა. მათ შეეძლებათ მუშაობა ერთი პირობით, უნდა შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები. ბლოკპოსტები ჯერჯერობით დარჩება მანამ, სანამ საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს შალამბერიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადადის. უკვე მოხსნილია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ბათუმსა და ქუთაისში, თუმცა, ეს არ ეხება კომენდანტის საათს. ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები, სადაც მგზავრების თერმოსკრინინგი გაგრძელდება. ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე. ქუთაისში კი  განახლდება ინფრასტქურტურული სამუშაოები.


close დახურვა