ბიძინა ივანიშვილის უხუცესი თანამებრძოლი კაბინეტში ნივთებს ალაგებს. ზვიად ძიძიგურმა 8 წლიანი მოკავშირეობის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო ივანიშვილის გუნდი საბოლოოდ დატოვა. მაჟორიტართა ფსევდო ამბოხების უკან ყოფილი ვიცე-სპიკერი სწორედ ოცნების თავმჯდომარეს ხედავს და ამბობს, რომ მორალური უპირატესობა და სიმართლე ახლა ოპოზიციის მხარესაა.
განათლების კომიტეტს ტოვებს ივანიშვილის ოპოზიციაში გადასული გედევან ფოფხაძეც, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება დაიწყო.
ყოფილი ვიცე-სპიკერი და ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძველი თანამებრძოლი დღეს ამბობს, რომ მორალური უპირატესობა ოპოზიციის მხარეს არის და ბიძინა ივანიშვილმა რეპუტაციული ზიანი მიიღო იმის გამო რომ საზოგადოება მოატყუა, მაშინ როცა შეჰპირდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2020 წელს გადავიდოდა. ამ განცხადების პარალელურად ვიცე-სპიკერის პოსტიც დატოვა და სამუშაო კაბინეტიც დაცალა.
საბოლოოდ რა კონფიგურაცია იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტში და ვინ ვისთან გაერთიანდება - ყოფილი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რიგითი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.