ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პოლიციის დაუმორჩილებლობის საბაბით დაკავებულ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე 17 მარტს დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ინფორმაციით, პოლიციელებმა ესართია ავტომანქანით გადაადგილებისას ქვეითისთვის გზის არდათმობის მიზეზით გააჩერეს. დემონსტრანტის დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტებმა გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტს პოლიციელები საპატრულო პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ.
შალვა ესართია სამართალდარღვევის ფაქტს უარყოფს, ამბობს, რომ წესები არ დაურღვევია და ქვეითებისათვის გადაადგილებაში დაბრკოლება არ შეუქმნია. შალვა ესართია პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით უკვე მესამედ დააპატიმრეს. მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
