ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
"შემოყვანილია ასაკოვანი ქალბატონი. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. დიაგნოზი: მარცხენა ქვემო კიდურის ტრავმული ამპუტაცია წვივის ზედა მესამედში, ჰიპოპოლემიური შოკი. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც გაყვანილი იქნა სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციო ბლოკში", - განუცხადა ფორმულას სულხან ორჟონიამ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია).