"#არაქალთკვლა - დღეს ამაზე მეტს არ ვიტყვი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობისა და მკვლელობის ფაქტებს.
დღეს თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც ის დააკავეს. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
21 მაისს თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. კაცმა 31 წლის მეუღლეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს, დღეს კი მას პატიმრობა შეეფარდა.