logo
ENG



ზურაბიშვილი: შეიძლება ვერ ვხედავთ ქვეყნის გამთლიანების კონკრეტულ გზას, მაგრამ ის არსებობს

08 აგვ 202111:25
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს. 

მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ომის გმირები არიან დაკრძალულები, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი იმყოფებოდნენ. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ქართული ოცნების დეპუტატები. 

"დღევანდელ დღეს აქ მივედით, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დადო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ ქართველების იმ რიგებში, ვინც დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 

მე მახსენდება, წლების მანძილზე, როგორ გვჯეროდა ძალიან ბევრს, როგორ გვჯეროდა დამოუკიდებლობის, მაშინ, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. ბევრი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია. დღესაც იგივეა. შეიძლება, ვერ ვხედავდეთ კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა არ არსებობს. ამ გზის უნდა გვჯეროდეს. ეს დღე არის სწორედ არის ამ გზის დაჯერების დღე. ჩვენი მხარდამჭერია ძალიან ბევრი, საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა. ასეთი მტკიცე აქამდე არ ყოფილა. 

რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია, რომელიც გამარჯვებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის. ეს ქვეყანა ამით არ ასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო".- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველი წლის 8 აგვისტოს მიდიან. ისინი არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი შეფასებით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა. 

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა