საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე.
ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა.
"გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები.
2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.
მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს!
მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, ევროპაში ამ ვიზიტმა დაარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან.
"ამ მოცემულობაში აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა.
ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ?
გიპასუხებთ: ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა!" - თქვა პრეზიდენტმა.