გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნას იმისთვის, რომ ოკუპაციაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბროს, ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე უნდა გამოვიდეს.
ზურაბიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოში თბილისი დროით 15:00 საათზე დაიწყება. როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. თუ რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში, ეს ჯერჯერობით უცნობია.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრობლემების გასახმიანებლად გამოიყენებს. კერძოდ, ის ისაუბრებს რუსულ ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი საუბრის გარდა ვთხოვოთ კონკრეტული დახმარება ევროპულ ორგანიზაციას თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების ხელშესაწყობად და ასევე ბევრ დეპუტატს, მათ შორის მომხსენებლებსაც, აქვთ კითხვები ქვეყნის შიდა დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დაველოდოთ და ვნახოთ, რას ჩათვლის პრეზიდენტი ზურაბიშვილი საჭიროდ და რა კითხვები იქნება მის მიმართ დეპუტატების მხრიდან. მიუხედავად ჩემი მის მიმართ დამოკიდებულებისა, ეს ის შემთხვევაა, როცა ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ ტრიბუნაზე შეძლოს ქვეყნის ნორმალურად წარმოჩინება “, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საკითხები უმნიშვნელოვანესი არის, რაც ჩვენ გვაწუხებს, ეს არის ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე დარწმუნებული, ვარ რომ ქალბატონი სალომე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მიმართულებით სწორედ ამაზე გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, პარალელურად, დაგეგმილია საქართველოოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის პრეზიდენტთან. სამუშაო ვიზიტი ევროსაბჭოში დღეს დასრულდება.