logo
ENG



ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

28 იან 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

დაახლოებით ოცწუთიანი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს შეკითხვებს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები დაუსვამენ. შეკითხვის დასმას აპირებს რუსული დელეგაციაც, თუმცა ლეონიდ კალაშნიკოვის კითხვის შინაარსი უცნობია. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტს ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ფრედერიკ დემსიმ აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ევროსბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა.

„მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის, როგორც მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარე ქვეყნისთვის, არის ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ჩვენთვის ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილებები, ბევრ წევრ ქვეყანში მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თებერვალში თქვენ იქნებით კონფერენციის ორგანიზატორი შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და დავარწმუნოთ მინისტრთა კომიტეტი დაიწყოს მუშაობა პროტოკოლზე, ეს ადვილი არ არის, შეიძლება სადავოცაა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ საკამათო საკითხებზე, რომ შევძლოთ მოგვარება“, - განაცხადა ფრედერიკ დემსიმ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის შემდეგი ნაბიჯი ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრობაა, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ შეხვედრებზე მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ მდგომარეობებზე ისაუბრა.

„საქართველოს უხდება მძიმე და სერიოზულ ვითარებასთან გამკლავება, მაგრამ ის აშენებს ინსტიტუტებს, იცავს ადამიანის უფლებებს და ახდენს ადამიანის ტრანსფორმირებას დემოკრატიულ საზოგადოებად, რითაც ვამაყობთ. საქართველოს შემდეგი ნაბიჯი ევროსტუქტურების სრულფასოვანი წევრობაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმაზე რაც უკავშირდება ყველა ორგანიზაციის მხარდაჭერას, ამ ორგანიზაციამაც უამრავი რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრებს, თუმცა საინტერესოა მოითხოვს თუ არა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში შეტანას.

„მთავარი კრიტერიუმი, მე ვფიქრობ, არის ის თუ რას ითხოვს საქართველოს სახელით, ის ალბათ ისაუბრებს ოკუპაციაზე, მაგრამ მოითხოვს თუ არა იგი ოკუპაციის საკითხის, დევნილთა საკითხის, 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესრულების საკითხის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში შეტანას“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.


close დახურვა