logo
ENG



ზურაბიშვილი პომპეოს: მშვიდობიანი და დემოკრატიული კავკასია რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება

18 ნოე 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ელაპარაკა. პრესრელიზის მიხედვით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

"მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება.  ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში". -თქვა მან. 

პრესრელიზისვე მიხედვით, პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს - თავისუფლებას! 

მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 

„ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პომპეომ მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, სადაც ის გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, "რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ". 


close დახურვა