პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის, - ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ჯაფარიძის განმარტებით, მანამდე პარტიას ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიეღო, თუმცა მოგვიანებით, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.
ამასთან, ჯაფარიძე ოპონენტს ქართული ოცნებიდან, გია ვოლსკის საჯარო დებატებში იწვევს.
"იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოლქის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში
წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან
საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ვაკეში ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელია.
ცნობისთვის, ქართული ოცნებიდან დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყრის.
ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში საკუთარი, შეჯერებული კანდიდატი წარადგინა, ხოლო 2 ოლქი ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის არის დიდუბე-ჩუღურეთიც.