„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული გაჩერების შემდეგ, ექიმების ტრანსპორტირება ხელისუფლებამ უზრუნველჰყოს. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გაჩერებული ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პირდაპირ კლინიკებს უნდა მიამაგრონ.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და სრულად გააჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი ნაბიჯია, თუმცა პრობლემას უქმნის უამრავ დაბალხელფასიან ექიმსა და ექთანს, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან,“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.