logo
ENG



თადუმაძის დიპლომის საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს - კობერიძე

11 ოქტ 201917:45
3 წუთის საკითხავი
 
ohp6yudjaosc74o.png

 

შალვა თადუმაძის წინააღმდეგ მისივე უწყებაში საჩივარი შევიდა. იურისტები, ზაზა ხატიაშვილი და კახა წიქარიშვილი გენერალურ პროკურორს სავარაუდო ყალბი დიპლომის გამოყენებაზე უჩივიან. იურისტებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პროკურატურას არ ენდობა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, საკანონმდებლო ორგანოში ითხოვს.

როგორც „ფორმულასთან“ საუბარში პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს თადუმაძის დიპლომის საკითხი.

„თადუმაძე დროებით უნდა გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან. მეორე, სასწრაფოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს დიპლომის თემა და უნდა დაიხუროს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად. თავად კანდიდატი თადუმაძე, სამწუხაროდ, არ იძლევა ისეთ დამაჯერებელ დამატებით ინფორმაციას, რომ საგამოძიებო კომისიის გარეშე გახდეს საზოგადოებისთვის ნათელი ეს ფაქტი“, - აცხადებს კობერიძე.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავს გამოსავალს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც. სამადაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია იმ შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას თუ თადუმაძე კანდიდატურას მოხსნის.

ცალსახად გაყალბებულს უწოდებს გენერალური პროკურორის დიპლომს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

„ის ამავე წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო გეოლოგიური ფაკულტეტზე. როგორც ჩანს, ეს იყო ბატონი თადუმაძის არჩევანი პროფესიული. შემდგომ არეულობის წლებში, როდესაც ყურადღება არაფერს ექცეოდა, გადაწყვიტა სამართლის სფეროში ბედის ცდა. როგორც ჩანს, მაშინ შეიძინა ეს დიპლომი, რომელიც ცალსახად გაყალბებულია“, - განუცხადა „ფორმულას“ აბესაძემ.პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძეს კი მიაჩნია, რომ თადუმაძის საკომიტეტო მოსმენა ძალიან მძიმე სანახავი იყო.

„ჯობდა ერთში ესწავლა და საფუძვლიანად. მისი საკომიტეტო განხილვა ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ვფიქრობ, ამბიციები არ უნდა ჭარბობდეს შესაძლებლობას“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიიულ კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. განხილვის საგანი გახდა გენერალური პროკურორის დიპლომის საკითხი. დიპლომში წერია, რომ თადუმაძემ ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში სწავლა დაიწყო 1993 წელს, ხოლო თავად სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა. ამავდროულად, „ფორმულამ“ მოიპოვა თადუმაძის კიდევ ერთი დიპლომი, სადაც ნათქვამია, რომ თადუმაძე 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

 


close დახურვა