„თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ - ამ მოთხოვნას ეუთოს გენერალური მდივანიც უერთდება. თომას გრემინგერი განცხადებას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ექიმი საყვარელ ადამიანებს მალე დაუბრუნდება.
ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ მიმართვა ქართველი ექიმის გათავისუფლების შესახებ საელჩოს გვერდზე გამოაქვეყნეს.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის დროს. დავით ზალკალიანს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებული ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
ვაჟა გაფრინდაშვილი დაკავებიდან მეთორმეტე დღესაც არ აღიარებს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ფაქტს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.