„ჩვენი სურვილია ანაკლიის პორტისთვის ახალი ამერიკელი ინვესტორი მოვძებნოთ“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აკეთებს.
მისი განცხადებით, პორტთან დაკავშირებით საუბარი ამერიკულ მხარესთან მომდევნო შეხვედრებზეც იქნება.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საუბარი მომდევნო შეხვედრებზე, როდესაც კერძო სექტორს და შესაძლო ინვესტორებს დაველაპარაკებით. მათ შორის, პრემიერმინისტრი ჩამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მოვძებნოთ ახალი, საიმედო ინვესტორი, სასურველია ამერიკელი ინვესტორი ამ პროექტისთვის, ვინაიდან ეს არის ეკონომიკური პროექტი და მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს მომავალს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის შეხვედრაზე ანაკლიის პორტის თემა ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეფერხების საკითხზე ამერიკულ მხარეს არაერთხელ ჰქონდა უმწვავესი რეაგირება. პორტის თემა ხაზგასმული იყო გიორგი გახარიასთვის ოთხი კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ კრიტიკულ წერილშიც. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს შეახსენა თბილისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა, რუსული და ჩინური ეკონომიკური ზეგავლენისგან თავდაცვის კონტექსტში.