ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტს პარლამეტში დღეს შეიტანს. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტი ეუთოში გაგზავნამდე პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ დოკუმენტს ოდირში სახალხო დამცველი გადააგზავნის. ოპოზიციურმა სპექტრმა ე.წ. გერმანული მოდელის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებული კანონპროექტი ჩააგდო.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიცია უცვლელია, მათი თქმით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უმრავლესობის და ოპოზიციის შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, შესაბამისად მმართველი გუნდი დღისწესრიგის შეცვლას არ აპირებს.
„შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ საკანონმდებლო დონეზე აქ რაიმე ცვლილებების გაკეთება არის შესაძლებელი. ეს ჩემის აზრით, მას შემდეგ რაც ამ შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, იმ ადამიანებთან სახე შეინარჩუნონ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.