ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ძამბოლატ თედეევი თანამდებობიდან გადადგა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, თედეევმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირადად აცნობა ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს „მთავრობის“ იმ სხდომაზე, რომელზეც დღის წესრიგით რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმების შესრულების საკითხებს განიხილავდნენ.
ძამბოლატ თედეევის წასვლის შემდეგ მის მოვალეობას დროებით ე.წ. პირველი მოადგილე, კონსტანტინე ჯიოევი, შეასრულებს.
სააგენტო „რესის“ ცნობით, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი სრულად და მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტი ახალ ე.წ. პრემიერ-მინისტრს არ დაამტკიცებს.
