logo
ENG



თარგამაძის Op-Ed: საქართველოს ნეიტრალიტეტი და ოცნების პასიურობა შიდა საფრთხეების მიმართ

04 ოქტ 202019:28
3 წუთის საკითხავი
 

7 დღე და 7 ღამე დაჭირდა იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭო მოეწვია და ის აუცილებელი განცხადებები გაეკეთებინა, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლების პირველსავე დღეს უნდა თქმულიყო. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ის, რომ თბილისი მზადაა შუამავლობისთვის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთს არ გაატარებს და რომ ჩვენი ინტერესია მშვიდობა კავკასიაში. ან შეეძლოთ უბრალოდ გამოეყენებინათ ტექსტი, რომელიც პრეზიდენტმა გამსახურდიამ 29 წლის წინ აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებს გაუგზავნა.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მაშინ ყარაბაღის ახალგაჩაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეებს შეხვედრის ადგილად სწორედ თბილისი შესთავაზა. ოცნების ხელისუფლებისგან დაგვიანებული განცხადებები აღარ გვიკვირს, მაგრამ რა დიდი მიხვედრილობა სჭირდება იმას, რომ როგორმე სოლიდარობა გამოგვეხატა ორივე მეზობელი სახელმწიფოსადმი და სიმბოლურად, თითო სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება მაინც გაგვეგზავნა. მთავრობას კი საკუთარ თავზე აეღო სოლიდარობის გამომხატველი აქტივობების ორგანიზება, იმის დასტურად, რომ ამ ქვეყანაში სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობენ და სწორედ ეს უნდა იყოს მაგალითი კავკასიისთვის. და ეს ყველაფერი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევის იმედად არ დარჩენილიყო. ამით, ერთის მხრივ, მაქსიმალურად შევამცირებდით ჩვენი საქართველოს შვილებს შორის ქვეყნის შიგნით დაპირისპირების ალბათობას, მეორეს მხრივ კი საფუძველს გამოვაცლიდით იმ კამპანიას, რომელიც სოციალური ქსელებით უკვე აქტიურად მიმდინარეობს: თითქოს საქართველო აზერბაიჯანს ემხრობა ან კიდევ სომხეთს. იმის გათვალისწინებითაც, რომ არმენო თუ აზერო ფობიური განწყობები საქართველოში მთლად უცხო არ არის.

ჯერ არავის დავიწყებია არც ბაგრამიანის ბატალიონი და არც დავით გარეჯის კომპლექსთან თითქმის ყოველ წელს გამართული შეშვება-არშეშვების ბატალიები. არადა სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პროაქტიურად იმოქმედოს ქვეყნის შიგნით შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რის ნაცვლადაც ოცნების ხელისუფლების უმოქმედობას ვხედავთ და არა მარტო სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების შედეგად წამოწეულ საფრთხეებზე - უმოქმედობა პანდემიის, უმოქმედობა კრიმინალის, უმოქმედობა კორუფციის წინააღმდეგ - ნუსხა გრძელია.

ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის შედეგია გუშინ ხელვაჩაურის რაიონში ჩამოწოლილი მეწყერისას ტრაგიკულად დაღუპული ოჯახი, რომელიც რეგულარულად ითხოვდა მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებას. უმოქმედობა ან დაგვიანებული რეაგირება გახდა ქართული ოცნების ხელწერა და ქვეყანაში დაგროვილი უამრავი პრობლემის სათავეც, რაც შესაძლოა ერთ დიდ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მეწყერად იქცეს. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურებს მოქმედებაც შეუძლიათ და დროული რეაგირებაც, როდესაც ქვეყნის მმართველია ამით დაინტერესებული. დღეს სამართალდამცავები აქტიურად უთვალთვალებენ ოპოზიციას, აშინებენ მოსახლეობას, სანამდეც გასდით თვალს ხუჭავენ სწორედ მათ თვალწინ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დარბევასა და შეურაცხყოფაზე. არჩევნებამდე 1 თვით ადრე, კი გაგანია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლების ფონზე, პროკურატურა საქმეს აღძრავს წინა ხელისუფლების პირობებში აზერბაიჯანისთვის ქართული მიწების ვითომდა უკანონოდ გადაცემის მცდელობის ფაქტზე. აქ ხელისუფალის ინტერესი არჩევნებია. გათვლა პრიმიტიული და გასაგები - ციხის კადრები 2: შედეგი კი უნდა იყოს ნაცმოძრაობისა და სხვა ოპოზიციური ძალებისთვის უკვე გახუნებული "სისხლის მსმელის" ეპითეტის ნაცვლად "ქართული მიწების გამყიდველის" იარლიყის მიკერება, ნეგატიური ემოციის აკუმულირება და საარჩევნო შედეგის დადება. თუმცა, ის რომ ამ პროცესში შესაძლოა საქართველოს ეროვნული ინტერესი დაზიანდეს, მას ეს ნაკლებად აღელვებს. ასაღელვებელი წინა ხელისუფლების დროს დაკარგული მიწებია და არა ბოლო 8 წლის განმავლობაში მავთულ-მავთულ რუსებისთვის გადალოცილი ახალი ტერიტორიები. ეს ქვეყანა ხომ დროებითი ექსპერიმენტის სივრცე და მისი კორპორაციაა და მეტი არაფერი... 


close დახურვა