logo
ENG



თარგამაძის Op-Ed: "ოცნებამ" ბოლომდე გამოაჩინა კბილები

09 დეკ 202022:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/09/6qy8aomjmnvqw6b.jpg

კობახიძემ დაიგინა: ჩემდათავად არჩევნების გამყალბებლის და დამბრალებლისაცო. თავად გადავთვლით საპარლამენტო კომისიაში და თუ 1% მაინც იქნება ცდომილება ოცნების სასარგებლოდ, რიგგარეშე არჩევნებსაც დავნიშნავთ და მე საერთოდ წავალ პოლიტიკიდანო.

ოცნების გამორჩეული სახე ნაცმოძრაობას აკრძალვით, ხოლო პარლამენტში არშემსვლელ პარტიებს უფულოდ დატოვებით დაემუქრა, პოლიტიკური ოპონენტები კი ანტიდასავლურ ძალებად და გაერთიანებულ რუსულ ოპოზიციად მოიხსენია.

მოკლედ, ოცნებამ ბოლომდე გამოაჩინა კბილები და თუ აქამდე ოპოზიცია უტევდა, ამჯერად უკვე ივანიშვილი გადავიდა ღია შეტევასა და შანტაჟზე. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის ოცნებისეულ ვარიანტში, მათრახი ნაცმოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, ხოლო თაფლაკვერი ახალმა. ე.წ. დებიუტანტმა პარტიებმა დაიმსახურეს.

შესაძლოა კობახიძის ეს მუქარა ვინმეს მართლა საშიშად მოეჩვენოს, თუმცა რეალურად "როგორც ქუხს ისე ნამდვილად არ წვიმს". პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დაქადნებული თუ დაგინებულიც ბევრი გვინახვს და შეწერილიც არაერთი. ამიტომ სანამ ოპოზიციაში ვიღაც-ვიღაცეები გულგახეთქილები პარლამენტისკენ გაექანებიან, სჯობს იფიქრონ, რომ რეალურ ცხოვრებაში ოცნება დაქადნებულის ნახევარსაც კი ვერ შეასრულებს. და თუ ოპოზიცია წნეხს გაუძლებს და ერთიან ფრონტს შეინარჩუნებს, ივანიშვილი კი კლასიკური დიქტატორივით მართლა შეეცდება ქვეყნის სიდიდით მეორე პარტიის აკრძალვას და ოპოზიციის უფულოდ დატოვებას, ის თავად დაიმსახურებს დასავლურ მათრახს.

ამასობაში კი ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოლაპარაკებების რაუნდს რაუნდზე ატარებენ და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ აქტიურად უბიძგებენ, რაც დღეს თბილისის დეკემბრის ცივი ქარივით სახეში ხვდება ოპოზიციას და მათ გულშემატკივრებს, ოცნება კი მისადმი მხარდაჭერად აღიქვამს. რეალობა კი ისაა, რომ დასავლეთს არ სურს საქართველო ერთპარტიული პარლამენტით, რეგიონის დემოკრატიის ლიდერობიდან კავკასიის აუტსაიდერად იქცეს.

ამიტომ, სანამ იარსებებს მექანიზმი ამ პარლამენტში ოპოზიციის შეყვანის, ისინი ამის გამოყენებას შეეცდებიან.

თუმცა, თუ ოპოზიციის ძირითადი, ელექტორალურად წამომადგენლობითი და უცხოელებისთვის ანგარიშგასაწევი ნაწილი ერთიანობას და პრინციპულობას შეინარჩუნებს და მანდატებზე საბოლოოდ იტყვის უარს, ხოლო ოცნება კი დაანონსებულ რეპრესიებს ერთპარტიული პარლამენტით რელობად აქცევს, ქვეყნისთვის დიქტატურის თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებად სწორედაც რომ რიგგარეშე არჩევნები იქცევა. დასავლეთის პოზიცია კი, რომელიც დღეს სახეს უსუსხავს, უკვე ზურგის ქარივით შეეხიდება ოპოზიციას.


close დახურვა