logo
ENG



თარხნიშვილი ლავასოღლიზე:წინასაარჩევნოდ დაუძახებენ, სთხოვენ, დაიხმარებენ და გადააგდებენ

08 ივნ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის, ახლობლების ირაკლი შოთაძესთან დაგეგმილ შეხვედრას, ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, ხელისუფლება არჩევნებში კრიმინალური სამყაროს წევრების გამოყენებას აპირებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, მმართველი გუნდის პოლიტიკა, გადაგდებას ეფუძნება და გასაკვირი არაა, რომ კრიმინალური ავტორიტეტებიც მოატყუონ.

„ქართული ოცნების" პოლიტიკა ახლა არის - როგორც ყველასთან მიმართებაში გამოიყენე და გადააგდე. ასე ექცევიან ამათაც. წინასაარჩევნოდ დაუძახებენ, სთხოვენ დაიხმარებენ და გადააგდებენ - ყველასთან მიმართებაში იგივეს აკეთებენ ესენი - საკუთარ ამომრჩეველთან მიმართებაშიც და რა გასაკვირია, რომ კრიმინალური სამყარო გადააგდონ. ამიტომ, ყველაფერი ის, რაც ხდება, ამისი პირდაპირი დემონსტრირებაა. რაღაცეები თხოვა შეასრულებინა და დაჰპირდა რაღაცას გახარია, ახლა გომელაურია შინაგან საქმეთა მინისტრი - გადააგდო. ისევე როგორც გახარიამ გადააგდო ის კრიმინალები, რომელთაც დაჰპირდა მისი წინამორბედი შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი, ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა“, - განაცხადა ზოდელავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კრიმინალური სამყაროს წინაშეა დავალებული.

„ხელისუფლება და ქართული ოცნება არიან დავალებული ე.წ. კანონიერი ქურდების წინაშე და ზოგადად, კრიმინალური სამყაროს წინაშე. თავიდანვე ისინი ერთად მოქმედებდნენ. როგორც ჩანს, ქართული ოცნება საარჩევნოდ აპირებს კრიმინალური სამყაროს გამოყენებას. ეს ფილმიც ნანახი გვაქვს. არა ერთ არჩევნებზე ვნახეთ როგორ მუშაობდა იგივე ლავასოღლი და სხვა კრიმინალური ავტორიტეტები ქართული ოცნების გასამარჯვებლად. ეს ფოკუსი არ უშველის“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

„ლელოს“ წევრის ლანა გალდავას თქმით კი, მმართველი გუნდი კრიმინალურ ავტორიტეტებს საპარლამენტო არჩევნებისთვის გმაოიყენებს. 

„ეს ხელისუფლება მრავალჯერ მხილებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში. 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ნებისმიერ არჩევნებში ვხედავთ პენიტენციური დაწესებულებებიდან გამოშვებულ ე.წ. ავტორიტეტებს, ვხედავთ საქართველოს საზღვრებს როგორ კვეთენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები. რაც შეეხება მინდია გორაძეს, დარწმუნებული ვარ მას აუცილებლად გმაოიყენებენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აჭარის მასშტაბით“, - აღნიშნა გალდავამ. 

გორაძე თურქეთში დააკავეს, საპყრობილეშიც იქ ზის და მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

ლავასოღლის ადვოკატი და ოჯახის წევრები დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდებიან. ირაკლი შოთაძის უწყებაში ისინი პირველ საათზე მივლენ. შოთაძემ ლავასოღლის მხარდამჭერებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.


close დახურვა