logo
ENG



თბილისის მერია თელასს დააჯარიმებს

04 დეკ 201911:58
3 წუთის საკითხავი
 
23j7fwzsxa21py3.jpg

თბილისის მერია კომპანია „თელასს“, სავარაუდოდ, ჯარიმას დააკისრებს. ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, „თელასმა“ თვითნებურად ჩატარებული სამუშაოებით დააზიანა ახალგარემონტებული კანდელაკის ქუჩის საკანალიზაციო სისტემა, რაც მიუღებელია.

„კანდელაკის ქუჩა, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავამთავრეთ, ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო საკანალიზაციო ქსელი. ის დააზიანა კომპანია „თელასმა“. იყო ახალაშენებული კორპუსი და იმისთვის, რომ იქ ელექტროგაყვანილობა შეეყვანა, გააკეთეს ბურღვითი სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე, დააზიანეს ახალი საკანალიზაციო სისტემა. არანაირი შეტყობინება, არანაირი ნებართა - ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას - აუცილებლად ჯარიმა იქნება გამოწერილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერი, ასევე, შეეხო საახალწლო პერიოდს და განაცხადა, რომ ახალი წლის დღეებში ინფრასტრუქტურის სამუშაოები შეჩერდება.

„მოდის ახალი წელი, გადატვირთული იქნება ქალაქი საცობებით და ისედაც ამ გადატვირთული მოძრაობით არ გვინდა შევზღუდოთ ჩვენი დედაქალაქი, ამიტომ ჩვენ რვა იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დასრულებულია. რვა იანვრიდან ჩვენ გავაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს", - აცხადებს კალაძე.

 


close დახურვა