თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და მერიის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა.
თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117-ე მუხლებით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ცნობით, 25 დეკემბერს ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მანქანაში ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც დაკავებულმა პოლიციელმა საავადმყოფოს დირექტორს სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაიჭრა გარდაცვლილის გვერდით მჯდომი პირიც, რომელიც თელავის მერიის თანამშრომელია.