პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ჯ.ა-ს ბრალი წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კასისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა დ.ფ-ს და ხ.ე-ს განზრახ მკვლელობა გადაწყვიტა.
ბრალდებულმა დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის მძიმე დაზიანებები მიაყენა ხ.ე-ს, ხოლო შემდეგ მძიმედ დაჭრა დ.ფ. ჭრილობების შედეგად დ.ფ ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხ.ე-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ედება. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.