მომავალი თვიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ- თელასს და ენერგო პრო ჯორჯიას მიწოდების ნაწილში კომპანია თელმიკო (თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია) და ეპ ჯორჯია ანაცვლებს.
სემეკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება განაწილებაზე პასუხისმგებლობა სხვადასხვა კომპანიამ უნდა აიღოს, რათა მიწოდების ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს და სამომავლოდ მომხმარებელმა შეძლოს აირჩიოს ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანია.
"ევროპული პრაქტიკის მიხედვით მნიშვნელოვანია, ქსელის მეპატრონემ მოუაროს ქსელს და თავიდან ბოლომდე მასზე იყოს პასუხისმგებელი, ხოლო ენერგიის მიწოდება უნდა განახორციელოს სხვა კომპანიამ, რომელსაც შეუძლია, ელექტროენერგია მიიღოს სხვადასხვა მიმწოდებლისგან, ან ბირჟაზე, რომელიც მალე ამოქმედდება". - თქვა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.