საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში მოკვდა. ინფორმაციას მისი შვილი, ნათია კიტოვანი ავრცელებს.
კიტოვანი 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. თენგიზ კიტოვანი არ დაემორჩილა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. მან მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ კიტოვანი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო. ასევე, 1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს დაჯგუფების. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. კიტოვანი საქართველოში 2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაბრუნდა.