თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოსგან განმარტების გაკეთებას ითხოვს. ნუგზარ ბარდაველიძის თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სინოდმა პეტრე ცაავასთვის წართმეულ წოდებასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.
"შეიძლება თავისთვის მათ ეს განმარტებები არ სჭირდებათ, მაგრამ რადგან საზოგადობისგან ასეთი დიდი ინტერესია, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, ვთვლი რომ კარგი იქნება. მათ შეიძლება არც დაურთონ ეს მუხლი, რადგან მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ აქედან წმინდა სინოდს როგორ გააკეთონ, როგორ მოიქცნენ", - განმარტავს ნუგზარ ბარდაველიძე.
თეოლოგების მოსაზრებით, შესაბამისი კანონის მიხედვით, დაუშვებელია ზოგადად შეურაცხყოფა და სინოდიც ამ მუხლის მიხედვით ხელმძღვანელობს, პეტრე ცაავას კი შეუძლია თავისი მტკიცებულებები კომისიას წარუდგინოს.
"სინოდს მიაჩნია რომ საკმარისია ის, რა კანონიც დაურთო, კერძოდ, მოციქულთა 55-ე კანონი. შეიძლება ნათქვამი იყოს, იქ წერია, რომ მღვდელმა საკუთარ ეპისკოპოსს, ამ შემთხვევაში ეპისკოპოსმა შეურცხყოფა მიაყენა პატრიარქს, მაგრამ ამით არსი არ იცვლება. იმ დროს, როცა კანონები იწერებოდა პატრიარქი საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ მთავარია, რომ დაუშვებელია შეურაცხყოფის მიყენება და სინოდის თვალსაზისით, ეს იყო შეურაცხყოფა. წარადგინოს, მას არავინ უშლის. არსებობს კომისია და შეუძლია ამ კომისიაზე მიიტანოს მტკიცებულება", - განმარტავს ერთ-ერთი თეოლოგი.