logo
ENG



თვითმკვლელობის მცდელობის მორიგი ფაქტი მწვანე სკოლაში

18 დეკ 201911:18
3 წუთის საკითხავი
 
asxtl1ict89ex74.png

მწვანე სკოლის დირექტორი ბექა დავითური მწვანე სკოლაში თვითმკვლელობის მცდელობის მორიგ ფაქტზე საუბრობს. დავითური დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.  

"ეს საკითხი და კიდევ სხვა დეტალები, არის გამოძიების თემა. მიცემულია უამრავი ჩვენება ამასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით არც საავადმყოფოშია არავინ, არც არაფერი",-აცხადებს დავითური.

"ფორმულას" შეკითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა გოგონა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დაკითხვაზე ლუკასთან ერთად, დავითური პასუხობს:

"იქ იყო უამრავი ბავშვი".

ინფორმაცია სკოლის მოსწავლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გუშინ გავრცელდა. მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ, "მწვანე სკოლის" კიდევ ერთმა მოსწავლემ სცადა თვითმკვლელობა. 

"მწვანე სკოლის" დირექტორი "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში ასევე საუბრობს სკოლის კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე. დავითურის თქმით, ადმინისტრაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიციისთვის მიემართა.

"ძაან რთულია ამ დეტალებზე საუბარი, მაგრამ ეს იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ღამის საათებში იმყოფებოდა სკოლაში. დილით მოვედით და ასეთი ამბავი დაგვხვდა, საჭიროდ ჩავთვალეთ საპატრულო პოლიციის გამოძახება",-აღნიშნავს დავითური.

მისივე თქმით, სკოლისთვის უცნობი იყო ლუკას მამის გარდაცვალების შესახებ. "ფორმულას" კითხვაზე, თუ "რატომ არ დაინტერესდა ადმინისტრაცია მოზარდის სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზით", დავითური ამბობს, რომ ლუკა სირაძე "მწანე სკოლაში" ცოტა ხნით სწავლობდა და სხვა სკოლიდან იყო გადმოსული.

"სკოლაში მოვიდა დედა და თქვა, რომ უნდოდა ბავშვის გადაყვანა. ბავშვი მოვიდა იანვარში ჩვენთან სხვა სკოლიდან და ასევე სექტემბერში წავიდა სხვა სკოლაში. მის ემოციურ მდგომარეობაში კი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია",-აღნიშნა დავითურმა.


close დახურვა