ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა სუს-ის ფაილების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ბოკუჩავამ ფაილებში ასახული ერთ-ერთი საუბრის ნამდვილობა დაადასტურა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვები სწორედ სუს-იდან გამოჟონილ მასალებში არსებული ჩანაწერების ავთენტურობას ეხებოდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ თავს დაზარალებულად გრძნობს და საქმის გამოძიებას ითხოვს.
"ძირითადად ავთენტურობასთან დაკავშირებით იყო კითხვები. მოგეხსენებათ, რომ როგორც პარლამენტის წევრს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაძლევს უფლებას, რომ წყარო არ გავამჟღავნო, ვინც აღნიშნული ამონარიდი მომაწოდა. ამონარიდის ნაწილის ავთენტურობა დავადასტურე, რაც მაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა. თავს ვგრძნობ დაზარალებულად და მოვითხოვ გამოძიებას. ამ გამოძიების იმედი ძალიან რთულია, რომ ქონდეს ადამიანს, რომელსაც ივანიშვილი იყენებს დევნის ინსტრუმენტად", - ამბობს ბოკუჩავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.