სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია - ჩემი ხმა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა და კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა.
კერძოდ, კოალიცია ითხოვს, რომ გასაჯაროვდეს შემდეგი ინფორმაცია:
- საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით და მათგან რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს
- გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ ან ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში - ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით
- რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე დგას ასევე დღეის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე
ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია მიმართავს ცესკოს, გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია და გააკეთოს "დეტალური, მკაფიო და ნათელი განმარტებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით":
- რა მიზეზებით ამორიცხა 2 516 პირი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის გადაცემული ამომრჩეველთა სიიდან - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს გადასცა 68 024 ამომრჩევლის სია, ხოლო ცესკომ დამუშავების შემდგომ სიაში შეიყვანა 65 508 ამომრჩეველი. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან პირთა ამორიცხვის საფუძველი გახდა ვალიდური დოკუმენტების არ არსებობა.
- გაკეთდეს მკაფიო განმარტება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ამ 2 516 პირს ვადაგასული როგორც პასპორტი, ასევე id ბარათი.
- საკონსულო აღრიცხვაზე არ მყოფმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ცესკოს უბნის გახსნის მოთხოვნით და როგორ ამოწმებდა ცესკო, განცხადების მიღების დროს, იდგნენ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე ის მოქალაქეები, რომლებმაც მას მიმართეს უბნის გახსნის თხოვნით.
- საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გაგზავნილ მონაცემებში მითითებული იყო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მხოლოდ რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, თუ ეს მონაცემები შეიცავდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რეგისტრაციის მისამართებს და ინფორმაციას მათი საცხოვრებელი ადგილის - კონკრეტული ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის შესახებ.
- იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო ვადა არის 5 დღე, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უნდა გადასცეს საბოლოო სია ცესკოს, რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით.
- რატომ არ გამოითხოვა ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ეტაპობრივად და რატომ არ დაიწყო საზღვარგარეთ უბნების შექმნა არჩევნების დანიშვნისთანავე
- რატომ არ ხდება საზღვარგარეთ მყოფი იმ პირების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა, რომელიც რეგისტრირებულნი არიან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან/და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით მოხსნილი აქვთ დევნილის სტატუსი.
ლონდა თოლორაიას თქმით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა არჩევნების შედეგისთვის არსებითია და ის მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, შეასრულონ მათი როლი და გააკეთონ ყველაფერი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
"საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა მათი რაოდენობის გათვალისწინებით არჩევნების შედეგებისათვის არსებითია, თითოეული მათგანის უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, შესაბამისად, მივმართავ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, შეასრულონ მათი როლი და გააკეთონ ყველაფერი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად", - ამბობს ლონდა თოლორაია.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წინასაარჩევნო ბევრ სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერზე ჰყვებიან. ამ თემაზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც და კანონში არსებულ პრობლემაზე მიუთითებენ.
ცესკოს ახალი გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყანაში. 30 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ 66 000-მდე ამომრჩეველზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულო აღრიცხვები წერია, საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეების რიცხვი 130 000-ს აჭარბებს.
ემიგრანტები ცესკო-ს ამ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა დამატებით უბნების გახსნის შესახებ არ შესრულდა.
გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, თუმცა საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.