თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორთა ნაწილი "ტაბულას" ჟურნალისტის მარიამ კუპრავას ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართავს და მოითხოვენ შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
მარიამ კუპრავა თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით დაიწყო. გამოცემა "ტაბულას" ცნობით, 7 თებერვალს მარიამ კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა და მთლიანად, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით განიხილება და დაკავშირებულია საპროტესტო აქციების გაშუქებასთან.
მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების, მათ შორის საპროტესტო აქციების გაშუქება წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და ასეთ ვითარებაში ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან ფუნქციას.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები არ წარმოადგენენ აქციის მონაწილეებს, ან სხვა აქტორებს. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების ინფორმირების უფლებას და სწორედ ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით იმყოფებიან ისინი მოვლენების ეპიცენტრში. ჟურნალისტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები - შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პროფესიული ტექნიკის გამოყენება - კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ როლს ასეთ გარემოში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ეხება ჩვენს სტუდენტს, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ედავებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციის ადგილზე, ქმნის საშიშ პრეცედენტს და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.
ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავს საქმეებში ფიგურირებენ სხვა ჟურნალისტებიც – მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი და ჟურნალისტი მარიამ ძიძარია, რომელთა მიმართაც ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
სწორედ ამიტომ, როგორც მომავალი ჟურნალისტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი აკადემიური საზოგადოება, მივმართავთ სასამართლოს პატივისცემით და ვთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ მარიამ კუპრავა იმყოფებოდა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით.
გვჯერა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები არ იქცეს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლად.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ კუპრავას საქმეზე", - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
