საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იმეორებს სებ-ის მიერ 4 მარტს გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ თუ იმედის ბანკის შექმნაზე შევა რაიმე განაცხადი, იმოქმედებენ კანონმდებლობით.
ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ლიცენზიის გაცემა სანქციებისთვის თავის არიდებაში ხელშეწყობა, ნათია თურნავა სპეკულაციას უწოდებს.
ფორმულას ჟურნალისტისა და ნათია თურნავას დიალოგი სრულად:
ჟურნალისტი: [იმედის] ბანკის შექმნაზე თუ შემოვიდა განცხადება?
ნათია თურნავა: არ გაძლევთ კომენტარს. თუ რაიმე განცხადება შემოვა, საჯარო იქნება. ვიმოქმედებთ კანონმდებლობით. თუ შეესაბამება კანონმდებლობას, ლიცენზიას გავცემთ, თუ არა - არა.
ჟურნალისტი: თუ ბანკის შექმნაზე ლიცენზიას გასცემთ, ეს სანქციებისთვის თავის არიდებაში ხელშეწყობა იქნება.
ნათია თურნავა: სპეკულაციაა. თქვენ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედსა და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმედი და POSTV ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, "იმედის" ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი". აქ იმედია!", - ნათქვამი იყო იმედის განცხადებაში.
4 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა BMG-ს უთხრა, რომ თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.
