logo
ENG



თურნავა კარტოგრაფების საქმეზე კუბილიუსის კრიტიკას "სპეკულაციურ ნარატივებს" უწოდებს

15 ოქტ 202015:19
3 წუთის საკითხავი
clock 530

ნათია თურნავა მთავრობის პრესკონფრენციაზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკას გამოეხმაურა. 

თურნავა ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე ევროპარლამენტარის და ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრის მოსაზრებები "სპეკულაციური ნარატივებია", რომელსაც ოპოზიციური პარტიები ქმნიან. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი კუბილიუსი, როგორც ჩანს, დეზინფორმირებულია და აქაური პოლიტიკური პარტიების სპეკულაციურ ნარატივს იმეორებს", - განაცხადა თურნავამ. 

დღეს კუბილიუსმა "ფორმულასთვის" მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური, რეგიონული და წინასაარჩევნო კონტექსტით სახიფათო და დაუჯერებელია. 

მისი თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ ძველი საქმეების წინასაარჩევნოდ გააქტიურება რუსული მეთოდია, რომელიც მისთვის, როგორც პოსტსაბჭოთა რეგიონის წარმომადგენლისთვის, კარგად არის ნაცნობი. 

"ჩვენ მსგავსი რეგიონებიდან ვართ და ადვილად შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რა ხრიკებს იყენებენ მმართველი პარტიები საარჩევნო კამპანიების დროს. ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს", - ამბობს კუბილიუსი. 

ევროპარლამენტარის შეფასებით, ასევე სახიფათოა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად, აზერბაიჯანთან საზღვრისა და ტერიტორიების საკითხის წამოჭრა. კუბილიუსმა ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებისთვის მსგავსი თემებით მანიპულურებით შექმნილ საფრთხეებს. 

"ცხადია, რომ ძალიან საშიშია საზღვრების და ტერიტორიების მიტაცების საკითხის წამოჭრა. ამავდროულად, ძალიან მარტივია მსგავსი თემით და ოპოზიციის წინაშე ბრალდებებით წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშში შესვლა, თუმცა შემდეგ ძალიან რთულია გაჩერება.

ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მძვინვარე კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის რეგიონში და ძლიერ გაოცებული ვარ, რომ ქართველებმა საზღვრის საკითხის წამოწევა გადაწყვიტეს. დაუჯერებელია", - განაცხადა კუბილიუსმა

მისი შეფასებით, კარტოგრაფების საქმის სპეციფიკა ქართულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ეჭვებს ამძაფრებს. 

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. თუ ამის გაკეთებას ამერიკაში შეეცადა, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს ამაზე. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეეცდება. ეს დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაზე. ეს არის ზუსტად მეთოდის ის სტილი, რომელიც კრემლს მოსწონს - ძველი საქმეების წამოწევა, ოპოზიციისთვის ბრალდებების წაყენება.

კარგი იქნება, გაკვეთილი ვისწავლოთ და თავი ავარიდოთ ძველი მეთოდების გამოყენებას. როდესაც ოპოზიციას უყენებ ბრალს, ქვეყანა ვერ წარმოჩინდება დასავლური სტილის დემოკრატიად. საშიშია, როდესაც წამოსწევ საზღვრების ტერიტორიების დაკარგვისა და გადაცემის საკითხებს. ამით ამძაფრებ ემოციებს, რომლის გაჩერება ძალიან რთულია", - განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსმა პირველი კომენტარი კარტოგრაფების საქმეზე 13 ოქტომბერს Twitter-ზე გააკეთა. მან თქვა, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავება "სასაცილოა", რადგან ხელისუფლება ამ საქმით რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ცდილობდა. 

კუბილიუსის კრიტიკამ "გააოცა" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძე ამტკიცებდა, რომ კუბილიუსმა "სასაცილო" დავით გარეჯის თემას უწოდა და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 

ევროპარლამენტარის კრიტიკით "შეშფოთებული" დარჩა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მან ლიეტუვის ყოფილ პრემიერმინისტრს "ნაცმოძრაობის მოკავშირე უწოდა". 

"ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია", - განაცხადა ბერაიამ. 


close დახურვა