თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, ქვეყანა შეიძენს რუსეთის მიერ მსოფლიო ბაზრებისთვის განკუთვნილი დიზელის საწვავის ნაწილს, რაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადამწყვეტი როლი აქვს თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რადგან ქვეყანა საწვავის ამ მიმართულებით ნაწილობრივ სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული.
ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მოსკოვმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია. გამართული მოლაპარაკებების შედეგად კი თურქეთი ამ დიზელის ნაწილის იმპორტირებას განახორციელებს, თუმცა მიწოდების ზუსტი მოცულობები და ვადები ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.
9 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან საწვავის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. გეგმის მიხედვით, თავდაპირველად იგეგმება 300 ათას ტონაზე მეტი საწვავის დაუყოვნებლივ მიწოდება, ნოემბერში დამატებით 500 ათასი ტონის, მოგვიანებით 1 მილიონი ტონის, ხოლო უახლოეს მომავალში — 3 მილიონი ტონის მიწოდება, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით.
ცნობილია, რომ რუსეთში დიზელის ექსპორტზე აკრძალვა 2026 წლის 8 ივლისიდან მოქმედებდა. ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა დაადასტურა, რომ შეზღუდვების გაუქმება დაუყოვნებლივ დაიწყებოდა. 18 ოქტომბერს ნოვაკმა ასევე განმარტა, რომ რუსული დიზელი ამერიკულ ბაზარზე შესაბამისი კონტრაქტების გაფორმებიდან 15–20 დღის ვადაში გამოჩნდება.
