logo
ENG



თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს ქალი, რომელიც ნანგრევების ქვეშ 104 საათი იყო

10 თებ 202320:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/wyntb9lnwlaokam.jpg

თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან 104 საათის შემდეგ ქალი ცოცხალი ამოიყვანეს.

"ახლა სასწაულების მჯერა", - განაცხადა სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა სტივენ ბაიერმა მას შემდეგ, რაც მაშველებმა 40 წლის ზეინეპ კაჰრამანი საკაცით სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს.

"შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ტირიან და ერთმანეთს ეხუტებიან ადამიანები. ისეთი უზარმაზარი შვებაა, რომ ასეთ პირობებში ეს ქალი ჯანმრთელი გამოვიდა", - განაცხადა ბაიერმა.

ფოტოებში ჩანს, რომ კაჰრამანი საკაცეზე გაუნძრევლად იწვა, მოულოდნელი მზის სხივებისგან დასაცავად მას სათვალე ეკეთა. მისი უმცროსი და, ზუბედეი გერმანიის საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებს ეხუტებოდა.

"ქალმა გაუძლო. ის არ დანებდა. ყველანი ისეთი მადლიერები ვართ, რომ ახლა სასწრაფოს მანქანაში წევს. სიტყვები არ მაქვს", - თქვა მაშველმა ტამარ რეიტერმა.

გერმანელი მაშველები ზეინეპთან კონტაქტზე მაშინ გავიდნენ, როდესაც ის ღრმად ნანგრევების ქვეშ იყო და მილის საშუალებით წყალს აწვდიდნენ.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 ათასამდე გაიზარდა. მხოლოდ თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას 19 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში ათასობით შენობაა დანგრეული. ცივი ზამთრის პირობებში ათასობით ადამიანი ღამეს კარვებში ათენებს.


close დახურვა