logo
ENG



თუ უგულავას მიმართ ივანიშვილმა იკადრა უკადრებელი, თავის თავს დააბრალოს - ოპოზიციის შეფასებები

10 თებ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "ფორმულას" ინფორმაციით, განხილვა უკვე დასრულებულია. 

გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. თავად უგულავა განაჩენს პარტიის ოფისში ელოდება. აღნიშნულ საქმეს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. 

"თუ უგულავას მიმართ ივანიშვილმა იკადრა უკადრებელი, თავის თავს დააბრალოს. მას ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. გიგის სპორტული ინტერესი აქვს უკვე. აინტერესებს იქნება თუ არა პირველი პრეცედენტი მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე საქმეზე დააკავონ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული საქმის მიზანი პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს. 

"ეს არის ის პოლიტიკური საქმე, რომელსაც იყენებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ. მინდა „ქართული ოცნების“ მესვეურებს ვუთხრა, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ვერ შეგვაშინებთ. უკან არ დავიხევთ და არც გიგი აპირებს უკან დახევას. აუცილებლად წელს დამთავრდება ის მარაზმი, რომელშიც ქვეყანას აცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკითხს ასევე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილიც. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო "ქართული ოცნების" ხელში დასჯის ინსტრუმენტად იქცა. 

"სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო სულ უფრო და უფრო ხდება და გახდა, როგორც დასჯის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში. უგულავას თემა ამის მკაფიო დადასტურებაა. კაცს, ამდენი ხნის მერე, თავიდან, ყოველგვარი განხილვების გარეშე, ეუბნებიან, რომ რაზეც მოხდილი გაქვს, ახლა თავიდან გამოგიცხადებთ, რამდენიც სინამდვილეში გეკუთვნის. ეს არის ივანიშვილის ანგარიშსწორება“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.  

 


close დახურვა