უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატსა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ლიზა იასკოს მიაჩნია, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერა უფრო მეტი რაოდენობით უნდა აღინიშნებოდეს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"უკრაინელები გრძნობენ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოფიციალურ დონეზე იქნას აღნიშნული მხარდაჭერა, გაიცლებით უფრო დიდი რაოდენობით. კითხვები იბადება, რატომ არ ხდება ეს", - აცხადებს იასკო.
რამდენიმე თვეა რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს განლაგებული. რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიისა და დასავლეთის მცდელობების ფონზე, ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე სათანადოდ არ აქტიურობს და უკრაინას მხარდაჭერას არ უცხადებს.
24 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრი კულებას ესაუბრა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზალკალიანმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სოლიდარობა გამოუცხადა არსებულ ვითარებაში.