„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო მეუღლესთან ერთად.
პუბლიცისტიკასა და მეცნიერებაში თამაზ ტყემალაძის დამსახურებებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ დამსახურებებს ემატება კიდევ ერთი - თამაზ ტყემალაძე ერთ-ერთი გამორჩეული თამადაა და ძალიან ლამაზად მიჰყავს სუფრა.
„მისი ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა გახლდათ ქართული სუფრა. ყველა მისი მოღვაწეობა ემოციურად გამოიხატებოდა ქართულ სუფრაზე და და მე ვფიქრობ, ბატონი თამაზის ყველაზე დიდი ღირსება მის მიერ წაყვანილი სუფრა გახლავთ. მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად, შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენიერება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. ქართულ სუფრაზე რომ გამოჩენილი თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც ჰქონდა ბატონ თამაზს, მისი პოეზია, პედაგოგიური თუ სხვა დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც, ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.