logo
ENG



ივანიშვილს რომ დაერეკა სახლში ამოდიო, ხომ ავიდოდა? - ოპოზიცია მაჭავარიანის გადადგომას ითხოვს

24 თებ 202014:59
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლის გამო, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, მაჭავარიანს საჯაროდ საუბრის ეშინია, რადგან შესაძლოა, დანაშაულებრივ სქემებში იყოს ჩართული.

„პარლამენტის თავმჯდომარე, ორ მინისტრთან ერთად, ვანო მაჭავარიანთან და ეკატერინე ტიკარაძესთან, უნდა გადადგნენ თანამდებობებიდან. ეს უკვე ხალხის შეურაცხყოფაც აღარ არის, ხალხის ფულია შეჭმული 100 მილიონზე მეტი, კიდევ 57 მილიონი არ არის შესული ბიუჯეტში. როდესაც კორუფციულ სქემებზეა საუბარი, ეს იმას მიანიშნებს, რომ მთელი უმრავლესობა, ის ადამიანები, ვისაც საჯაროდ საუბრის ეშინია, ალბათ ამ დანაშაულებრივ სქემებშია ჩართული და იმიტომაც ვერ მოდიან“, - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატი გედი ფოფხაძე მთავრობის მხრიდან პარლამენტისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მინისტრები ანგარიშვალდებულად თავს მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ.

„თავის არიდება ამ პროცესის მიმართ არის არაკონსტიტუციური. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მინისტრები ეჭვის ქვეშ აყენებენ პოლიტიკურ წეს-წყობილებას, რომ ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან  ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ბიძინა ივანიშვილს რომ დაერეკა და ეთქვა ამოდი ჩემთან სახლშიო, ხომ ავიდოდა? ამიტომ არის ის ივანიშვილის დანიშნული და პარლამენტი ფორმალურად იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა გედი ფოფხაძემ.

კოლეგების პოზიციას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„საჭიროა, დიდი ბოქლომი დავადოთ ამ პარლამენტს. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ. გათბობა, ელექტროენერგია მიდის. იქნებ, იმ ადამიანებს გადავუნაწილოთ, ვისაც ძალიან უჭირს. დღევანდელ სახელმწიფოში ამ პარლამენტის როლი და ფუნქცია დასულია 0-მდე. ყველა ელოდება, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. როგორ შეიძლება პარლამენტში 1 წელი იმ რეჟიმში მუშაობდეს, რომ თავისი ვადის დასრულებას ელოდებოდეს?! ვფიქრობ, უკვე ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი ივანე მაჭავარიანთან ერთად აქ ჯდომა და რაღაცაზე საუბარი. თუ ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ. დროა, ამ პარლამენტს მართლა დავუხუროთ თავისი უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ვანო მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს, თუმცა მან დილით კომიტეტის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა. დღის წესრიგით, მინისტრს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.


close დახურვა