logo
ENG



ილია II: ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს

10 ნოე 201917:20
3 წუთის საკითხავი
 
jofstgxw3b77s44.png

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა. პატრიარქმა ამჯერად ყურადღება ადამიანისა და ღმერთის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მრევლს ადამიანების დაფასებისკენ მოუწოდა.

„ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ილია ჭავჭავაძემ გამოთქვა შესანიშნავი სიტყვები:მამული, ენა, სარწმუნოება. მე სხვანაირად გამოვთქვი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ადამიანი ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს. უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს. ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი, ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებულები არიან სამშობლოსთვის. გვახასიათებს ერთი რამ, არ ვაფასებთ ადამიან,ჩვენ არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თითოეული თქვენგანი. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას.

დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერმინისტრი ამბობს: ადამიანი ქმნის ისტორიას, თავისთავად კი არ მოდის. გაუფრთხილდეთ ადამიანს. ჩვნ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას, ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, უარყოფს ნიჭიერ პიროვნებებს, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვიან ნიჭიერ ადამიანებს. ის ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ ღმერთმა, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ შვილებს, მშობლებს. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ შეგახსენებთ თქვენ, რომ ყოველ დღე ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა. დედაო, მამაო დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე. ნიჭი ეძლევა ღვთისაგან, ვისაც გაქვთ რაიმე ნიჭი მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნიჭი, ეს არის საჩუქარი, ჩვენი დამსახურება კი არ არის. ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოვუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც. არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა, შეიძლება მეცნიერი იყო, ნიჭიერი იყო ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს, მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს იმ ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერი," - განაცხადა ილია მეორემ.

წირვას პატრიარქის ქორეპისკოპოსი შიო და სხვა იერარქებიც ესწრებოდნენ. მეუფე დანიელის განცხადებით, ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, პატრიარქმა ქადაგებაში გასცა პასუხი.


close დახურვა