სოფელ სადახლოში, ევროპული საქართველოს აქტივისტს, ესროლეს - სავარაუდოდ, ტირის თოფი, - ამის შესახებ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა ფორმულას ეთერში განაცხადა.
როგორც იმამყულიევმა აღნიშნა, ევროპული საქართველოს აქტივისტზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის ბანერს აკრავდა.
"ტყვია ფეხში მოხვდა. ის საავადმყოფოში მოვიყვანეთ, რის შემდეგაც მოვედით პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე", - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.
კითხვაზე - ცნობილია თუ არა თავდამსხმელის ვინაობა, იმამკულიევმა აღნიშნა, რომ არავის უნახავს როგორ გამოიყურებოდა უცნობი პირი.
იმამყულიევი მომხდარის უკან ქართული ოცნების ხელს ხედავს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი დამნაშავეებს ხელს აფარებს.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმები ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა. მაგალითად გუშინ ღამით ბოლნისში ასეთი ფაქტი მოხდა, რა დროსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ყვებიან, რომ სოფელ ნახიდურში ჩაიხანაში ჩაის სვამდნენ როცა ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის - გოგი მეშველიანის - ძმა, დაჯგუფებასთან ერთად, მათ თავს დაესხა. მათივე მტკიცებით, თავდამსხმელები შეიარაღებუბლებიიყვნენ.
გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ კოლონას უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს, დაშავდა მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
კიდევ ერთი თავდასხმა გლდანულაში, ოპოზიციის კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას დაესხნენ თავს, მას ერთ-ერთ სკვერში ქვები და კვერცხები ესროლეს.