logo
ENG



ინდოეთში 9 წლის გოგოს გაუპატიურების და მკვლელობის გამო 4 დღეა, პროტესტი არ წყდება

04 აგვ 202120:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/04/iu4og7icv4kyo2x.png

ინდოეთში 9 წლის გოგოს გაუპატიურების და მკვლელობის გამო 4 დღეა, პროტესტი არ წყდება. 

დალიტი (ყველაზე დაბალი კასტა) გოგო სავარაუდოდ ჯგუფურად გააუპატიურეს და მოკლეს, შემდეგ კი მისი კრემაცია იძულებით მოხდა. 

გოგოს მშობლებმა დანაშაულში სასულიერო პირი და კიდევ 3 ადამიანი დაადანაშაულეს. მათი თქმით, ბავშვს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის წყლის მოსატანად წავიდა. 

"როცა ის წყალზე წავიდა და 1 საათის შემდეგაც არ დაბრუნდა, მის საძებრად წავედი. ვნახე, რომ კრემატირიუმთან იწვა. მისი ტუჩები ლურჯი იყო, ცხვირიდან კი სისხლი სდიოდა. ჰქონდა სისხლჩაქცევები მკლავებსა და ხელებზე, ტანსაცმელი სველი ჰქონდა". - ამბობს გოგო დედა. 

გოგოს მშობლები დალიტები არიან - წარსულში ხელშეუხებლები - ისინი თავს ქუჩაში დახმარების თხოვნით ირჩენენ. 

სასულიერო პირი კი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგოზე იძალადა, ბრაჰმანია - უმაღლესი კასტის წარმომადგენელი. 

ბავშვის დედა ამბობს, რომ როცა შვილის ცხედარი ნახა, მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, დაემუქრნენ და ქრთამიც კი შესთავაზეს.

ხოლო როცა მამამ ადგილამდე მიაღწია სოფელში მცხოვრებ 150 ადამიანთან ერთად, გოგოს ცხედარი თითქმის დამწვარი იყო. 

მათ პოლიცია გამოიძახეს და ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მხოლოდ ფეხების გადარჩენა მოხერხდა. შესაბამისად, ექსპერტიზით შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ბავშვი გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. 

დალიტების რიცხვი, რომლებიც ინდურ კასტურ სისტემაში ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან, დაახლოებით 200 მილიონია. მათი უმეტესობა ღარიბია და მიუხედავად იმისა, რომ ახლა კანონი მათ იცავს, ყოველდღიურად აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას სხვა კასტების წარმომადგენლებისგან და ხელისუფლებისგან.

დალიტი ქალები კი სამმაგად - სიღარიბის, სქესის ნიშნით და კასტის გამო არიან ჩაგრულები.  

4 აგვისტოს, კრემატორიუმთან გამართულ აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ დამნაშავეების სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. 

მათ ასევე მოითხოვეს, დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც მსხვერპლის ოჯახს ავიწროებდა. 

მას შემდეგ, რაც 2012 წელს, ავტობუსში არასრულწლოვანი გოგო ჯგუფურად გააუპატიურეს და მოკლეს, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის საკითხი ინდოეთში ყურადღების ქვეშაა. 

ამ თავდასხმას საპროტესტო აქციები და ქვეყნის კანონმდებლობაში გაუპატიურების შესახებ ცვლილებები მოჰყვა, თუმცა, რეალობა არ შეცვლილა. 

სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთში ყოველი მეოთხე მსხვერპლი ბავშვია


close დახურვა