logo
ENG



ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილისადმი შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება დაიწყო

09 ნოე 202113:04
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელისა და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 9 ნოემბერს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს  სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით ექსპრეზიდენტის ადვოკატთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გამოკითხვის შემდეგ კი საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაიგეგმება და შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით”, - წერია განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახურის თქმით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში ჩართულობისა და გამოძიების შესახებ სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, ისინი ითანამშრომლებენ მიხეილ სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად. 

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 

საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეზე ედავება. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.


close დახურვა