logo
ENG



ინსპექტორი: უფლებამოსილ პირებს მოვუწოდებთ, სააკაშვილის დასაცავად ყველა საჭირო ზომა მიიღონ

19 ნოე 202113:36
3 წუთის საკითხავი
 
ინსპექტორი: უფლებამოსილ პირებს მოვუწოდებთ, სააკაშვილის დასაცავად ყველა საჭირო ზომა მიიღონ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს წერილობით მიმართა მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა.

სამსახურის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ შეუძლია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა, თუნდაც სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა იმპერატიულად მოსთხოვოს. მიუხედავად ამისა, ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს ყოფილი პრეზიდენტის დაცულ პირობებში გადაყვანის თხოვნით დაუყოვნებლივ მიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასაცავად ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტი არ აქვს. სამსახურმა ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე პარლამენტს ბოლო ანგარიშით მიმართა.

,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული პროცესის მონაწილეთა დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება“ - წერია ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და აცხადებს, რომ გამოძიების პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, პატივი, ღირსება და უსაფრთხოება დაცული იყოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველა უფლებამოსილ პირს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიიღონ.


close დახურვა